დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვას მეც ვეთანხმები
დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვას მეც ვეთანხმები

სულ იყო მსჯელობა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვაზე, რომელსაც მეც ვეთანხმები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმი დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით განისაზღვრება.

„საარსებო მინიმუმი ითვლება მეთოდოლოგიით, რომელიც არის დამტკიცებული. სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი.ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა.