დავით სერგეენკო - სწავლა ოთხი დღით მხოლოდ იმ სკოლებში შეწყდება, სადაც წითელას შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება
დავით სერგეენკო - სწავლა ოთხი დღით მხოლოდ იმ სკოლებში შეწყდება, სადაც წითელას შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება

მთავრობის სხდომაზე წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებების კომპლექსი დაამტკიცეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ამ ეტაპზე, სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არის.

მინისტრის განმარტებით, თუკი რომელიმე სკოლაში წითელათი ავადობის მაჩვენებელი გაიზრდება, იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლა ოთხი დღით შეწყდება.

„სწავლის შეჩერების ჩვენება არ არის. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პროტოკოლი, რომლითაც სკოლების მონიტორინგი ხდება. თუკი რომელიმე სკოლაში იქნება გაზრდილი მაჩვენებელი, იმ კონკრეტულ სკოლაში ოთხი დღით შეწყდება სწავლა, ასეთი ეპიდემიოლოგიური კალენდრები არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მინისტრის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვა, გუბერნატორთა კოორდინაცია. ასევე შსს-ს, თავდაცვის სამინისტროსა და იმ უწყებათა წარმომადგენლების ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებშიც ავადობის რისკი მაღალია.

„თუკი დოკუმენტურად იცით, თქვენი ბავშვობის ანკეტა გაქვთ ნანახი სადაც წერია, რომ ორჯერადი აცრა გაქვთ გაკეთებული, ახლა საჭირო არ არის. თუკი დოკუმენტურად გიწერიათ, რომ წითელა გადატანილი გაქვთ, აცრა საჭირო არ არის, სხვა შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გადატანილი გაქვთ წითელა ან გაქვთ თუ არა გაკეთებული აცრა, მაინც უნდა გაიკეთოთ. ეს ზედმეტი არ იქნება, მაგრამ გარანტირებულად დაგიცავთ. ვაქცინა ყველასთვის უფასოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.