დავით სერგეენკო - რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს
დავით სერგეენკო - რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ამნისტიის გამოცხადების პროცესში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართული, რათა ჰუმანური მოსაზრების ქვეშ გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება არ მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, წინასწარი დათქმაა, რომ ამნისტია არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას. მისივე თქმით, თუ ვინმეს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით აქვს არგუმენტი, რომ ამნისტია უნდა შეეხოს, რადგან ეს ემოციური ფონიდან გამომდინარეობს, სიცოცხლის მოსპობაც ემოციურ ნიადაგზე ხდება.

„არ მინდა, ამ საკითხზე ჩემი საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანო, მაგრამ მსჯელობა იქნება. ამნისტია რა დანაშაულებს მოიცავს, ამაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, პროცესში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულები, რომ არ მოხდეს ჰუმანური მოსაზრების ქვეშ გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება. გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე არ უნდა მივიღოთ და ეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საზოგადოებას. რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენადაც გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს. პროფესიონალებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა სწორ გზას მოგვცემს, რომ ოქროს შუალედი ვნახოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონროექტი ამნისტიის გამოცხადებას ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულის დაახლოებით 44 მუხლზე. ამნისტია არ შეეხებათ ოჯახში ძალადობისთვის, ნარკორეალიზაციისთვის და მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს.