დავით სერგეენკო - ნიკა მელია ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, ამიტომ საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის
დავით სერგეენკო - ნიკა მელია ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, ამიტომ საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის

ნიკა მელია ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, ამიტომ საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები ასე უბრალოდ, შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ დაინიშნება.

„ამ თვეების განმავლობაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე არაერთხელ გაკეთდა ცალსახა განცხადებები, რომ ასე უბრალოდ, მოთხოვნით რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. ამის ერთადერთი პირობა არსებობს, პოზიცია და ოპოზიცია ერთობლივად დეტალურად თუ შეისწავლის, გამოიკვლევს და აღმოაჩენს რამე ცდომილებას, თუნდაც ერთ პროცენტზე მეტს.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის მოთხოვნის უფლება აქვთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი, რომელიც მართლაც ერთგვარი მღელვარების გამომწვევია, გაიმიჯნოს პოლიტიკური და საინფორმაციო შემადგენლისგან, გამოძიებამ და სასამართლომ კი მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბატონი მელია ჯერჯერობით არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული და არა მსჯავრდებული. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ მოძებნის დაუმორჩილებლობის და ესკალაციის იმდენ მომხრეს, რომ ამ პროცესებმა შეუქცევადი ტალღა გამოიწვიოს.

„ოპოზიციის მარგინალური ნაწილი ყოველთვის განწყობილი იყო ვითარების ესკალაციისა და დაძაბვისკენ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო პარლამენტს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო შსს-ს ან პროკურატურას, მათი მიზანი იყო მხოლოდ დაძაბულობის ესკალაცია, რაც არც ერთ ვითარებაში არ არის მისაღები და მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო და თუნდაც მთელი მსოფლიო. ასე რომ, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ მასობრივი დაუმორჩილებლობის და ესკალაციის მომხრეებს იმდენს ვერ მონახავენ, რომ ამან რაღაც დიდი და შეუქცევადი ტალღის ხასიათი მიიღოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი