დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობის“ არყოფნით დელეგაციის პოზიცია არ დაკნინებულა, ამით მხოლოდ თავად დაზარალდნენ
დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობის“ არყოფნით დელეგაციის პოზიცია არ დაკნინებულა, ამით მხოლოდ თავად დაზარალდნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინაში საპარლამენტო ვიზიტის შედეგად ბევრი საკითხი გადაიჭრა, რაც საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ვიზიტი მეგობარი ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

„უკრაინაში ვიზიტს როცა ვგეგმავდით, მოლოდინი და პროგნოზი გვქონდა ორი მიმართულებით – ვიზიტი იქნებოდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატვა მეგობარი ქვეყნის მიმართ, ასევე, მაღალი დონის ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემდა, არსებული გაუგებრობები მოგვარებულიყო. შეხვედრის მიმდინარეობისას ბევრი რამ გაირკვა და ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ურთიერთობის მეტად დათბობისკენ, რადგან პროგნოზი, მოლოდინი რაც გვქონდა, რეალიზდა წარმატებით. ბევრ გაუგებრობას ხაზი გადაესვა, მოგვარდა, კარგი კომუნიკაცია შეიქმნა სპიკერებს შორის, რათა ნებისმიერი საკითხი ასეთ დონეზე გადაჭრილიყო“, – განაცხადა დავთ სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის თხოვნა იყო, რომ საქართველომ დაიცვას სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია.

სერგეენკოს განცხადებით, რადას თავმჯდომარეს საკითხზე მზადყოფნა დაუდასტურეს.

„რაც შეეხება სანქციებს, სტეფანჩუკისგან თხოვნა იყო, რომ საქართველომ დაიცვას ის არსებული სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია. რა თქმა უნდა, მზადყოფნა დავუდასტურეთ. აქამდეც ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე მოხდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკოს თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინელებისთვის არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა, არამედ მთელი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულება იყო.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დელეგაციასთან ერთად არ გაემგზავრა, ამით მხოლოდ თავად ეს პარტია დაზარალდა.

„ასევე პოზიტიური პოზიცია ჰქონდათ იმაზე, რომ პარლამენტიდან ჩასული იყო მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ეს მათთვის იყო არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში რომ არ წამოვიდა, ეს ნეგატიურია და ზარალი მიიღო მხოლოდ ამ პარტიამ. ამით არ დაკნინებულა არც დელეგაციის პოზიცია და უკრაინულ მხარეს წყენა არ გამოუხატავს. თუ ვინმე დაზარალდა, თავად დაზარალდნენ. მათი მხრიდან მცდელობა იყო ვითარების ხელოვნურად დაძაბვის, მაგრამ ამ ვიზიტმა კითხვებს პასუხი გასცა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.