დავით სერგეენკო - მსოფლიოში ვაქცინებზე მსჯელობენ და არცთუ მშვიდობიანი ურთიერთობებია, შეგვიძლია, ამას ერთგვარად ვაქცინების ომიც დავარქვათ
დავით სერგეენკო - მსოფლიოში ვაქცინებზე მსჯელობენ და არცთუ მშვიდობიანი ურთიერთობებია, შეგვიძლია, ამას ერთგვარად ვაქცინების ომიც დავარქვათ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის საკითხს გასცდა და უკვე გადავიდა პოლიტიკურ-ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო ჩინური ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ყველაზე რბილი ნათქვამია ის, რომ კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის დაკნინება და ე.წ. შავი პიარი.

„მსოფლიოში ვაქცინები ტოპ-საკითხია, რაზეც მიდის მსჯელობა და არცთუ მშვიდობიანი ურთიერთობები. შეგვიძლია, ამას ერთგვარად „ვაქცინების ომიც“ დავარქვათ. არც ერთი სხვა სფერო, ენერგომატარებლიდან დაწყებული, ძვირფასი მეტალებით დასრულებული, ისეთი ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც ვაქცინები. საქართველომ აირჩია ის გზა, რომ მოსახლეობის აცრა ამა თუ იმ სახის ვაქცინით უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს. „ჯანმო“-ს პოზიციაა, რომ მან დადასტურება მხოლოდ ორ ვაქცინას მისცა, ჩინურ ვაქცინაზე კი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ მოსალოდნელია აპრილის ბოლოსკენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და წინასწარი მოცემულობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ჩემი აზრით, საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ. ვაქცინების ომია, რადგან „ასტრაზენეკაზეც“ ასე იყო. დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება“, – განაცხადა სერგეენკომ.