დავით სერგეენკო - მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება
დავით სერგეენკო - მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების საკითხი კრისტიან დანიელსონის მიერ არც ყოფილა განხილული. სერგეენკომ აღნიშნა, რომ  არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ვადამდელ არჩევნებს ლეგიტიმურად არ განიხილავს.

„ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის მიერ არც ყოფილა განხილული. პოლიტპატიმრების საკითხზე მისი შემოთავაზება რაც იყო, გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლებულიყო მელია და ასევე, რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, უმოკლეს ვადებში ყოფილიყო ამნისტიის შესახებ კანონი, ამაზეც უარი თქვა ოპოზიციამ. იქ იყო საუბარი გარკვეულ საპარლამენტო თანამდებობებზე, რამაც მე პირადად ცოტა გამაკვირვა. რა დროს თანამდებობებზე საუბარია, როცა სახელმწიფოებრივი ინტერესია. ამაზეც იყო მზადყოფნა, თუმცა არა იმ მოცულობით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. ეს მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს. მთავარი შედეგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ განიხილავს ლეგიტიმურად. რაც საკვანძო საკითხი იყო. დანარჩენ საკითხებზე დარჩა იმის რესურსი, რომ მოლაპარაკება და შეთანხმება შედგა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის.

„მმართველ ძალას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ოპოზიციაც არ არის ისე, რომ უბრალოდ მე ვთქვი და დანარჩენზე სხვამ იზრუნოსო. ოპოზიციასაც აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა. ოპოზიციის მიერ დაყენებული საკვანძო საკითხები, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი, ვადამდელი არჩევნები ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ არც კი ყოფილა განხილული საკითხების ჩამონათვალში, რადგან მათი და არა მარტო მათი ცალსახა დასკვნაა, რომ არჩევნებმა ხარვეზების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის ნება ასახა.

„ევროკავშირის ყურადღების ქვეშ ეს საკითხი ყოველთვის დარჩება, რადგან ჩვენს ქვეყანას გაცხადებული აქვს თავის მიმართულება და განვითარება ევროკავშირისკენ. აქ იქნება დანიელსონი, თუ არ იქნება, მათი ყურადღების ქვეშ საქართველო ყოველთვის იქნება. რაც შეეხება მოლაპარაკების რესურსს, კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.