დავით სერგეენკო - მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
დავით სერგეენკო - მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა

მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების ხარჯზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა.

„ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისთვის, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ გადაამისამართეს მედიკამენტების შეძენაზე, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ჯანდაცვის სისტემის – მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, კვლევის თანახმად, საჭიროებისას 2010 წელს მედიკამენტი ვერ შეიძინა 13-მა პროცენტმა, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 9.6 პროცენტია.

„შემცირება არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შემცირება დიდი უნდა იყოს. რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და გაზრდილი უტილიზაციიდან გამომდინარე გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები განსაკუთრებით ქრონიკულ მედიკამენტებზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის, რადგან ვხედავთ, რომ თუ 2010 წელს წლის განმავლობაში მედიკამენტებზე საშუალოდ 318 ლარი იყო დანახარჯები, 2017 წელს ეს ხდება 449-450 ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიგნება კვლევაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მისი თქმით, განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამედიცინო სერვისების შესახებ.