დავით სერგეენკო - კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჭიათურელი მაღაროელების საკითხები მოგვარდეს
დავით სერგეენკო - კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჭიათურელი მაღაროელების საკითხები მოგვარდეს

კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ჭიათურელი მაღაროელების საკითხები მოგვარდეს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პროცესში თავიდანვე ჩაერთო.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე.

„ჯანდაცვის სამინისტრო თავიდანვეა ჩართული აღნიშნულ საკითხში. გარდა ხელფასის მატებისა, სხვა საკითხები ჩვენი უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება ხელფასების მატებას, რაღაცნაირად იმის საშუალება უნდა შეიქმნას, რომ საქმიან და მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მაღაროების მენეჯმენტთან და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

მთავრობას არა მარტო ბერკეტი, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც აქვს, ასეთ შემთხვევაში მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ჩვენ ეს ათეულობით გაგვიკეთებია ამ წლების განმავლობაში და 60%-ში წარმატებით სრულდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალო მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიას და გაფიცულებს შორის“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.