დავით სერგეენკო -  გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება
დავით სერგეენკო -  გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება

მოგმართავთ ყველას, გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაძლოა, მერე დაავადებასთან ერთი–ერთზე დარჩეთ და გადასახდელი გაგიხდეთ თანხა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია“, – განაცხადა სერგეენკომ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ კონტრაქტი, რომელიც ორი წლის წინ გაფორმდა, 10–წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ათი წელი უსასრულო დრო არ არის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, C ჰეპატიტი არ კლავს, მაგრამ სტიგმა კლავს. 

„ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სისხლში ტყვიის შემცველობის ანალიზის მასშტაბური კვლევის დაფინანსებას გეგმავს.

„ეს კვლევა წელსვე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და გაერო–ს ბავშვთა დაცვის ფონდი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.