დავით სერგეენკო - გახარია სულ მცირე ორ თემაზე განმარტებას თუ არ გააკეთებს, დარჩება მეტი კითხვა, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს
დავით სერგეენკო - გახარია სულ მცირე ორ თემაზე განმარტებას თუ არ გააკეთებს, დარჩება მეტი კითხვა, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებს თუ არ უპასუხებს, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს.

„გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. მას აქვს საშუალება და მჯერა, გამოიყენებს და გააკეთებს განმარტებას სულ მცირე ორ თემასთან დაკავშირებით.

პირველი – რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება, გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. მეორე – ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამომრჩევლის მხადაჭერას, რას აპირებს? რა გეგმებით აპირებს სიარულს?

ამ ორი რაღაცის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, დარჩება უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხები და ეს მის პოლიტიკურ რეიტინგს საერთოდ ნულამდე დაიყვანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ დაწინაურდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია, სერგეენკოს თქმით, ამ კითხვაში არის ლოგიკა და მას პასუხი არ აქვს.

„ამ კითხვას ჩვენ ვერ გავექცევით, ამაში არის ლოგიკა, თუ მაშინვე თვლიდნენ, რომ 20 ივნისს მან ცუდად გააკეთა თავისი საქმე, რატომ მიიღო დაწინაურება. არის ამაში ლოგიკა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც პასუხი არ მაქვს გახარიასთან მიმართებაში უამრავ კითხვაზე“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისს პარლამენტზე განხორციელდა შტურმი, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება უფრო მარტივად შეიძლებოდა.