დავით სერგეენკო - ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, არ მგონია, საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან
დავით სერგეენკო - ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, არ მგონია, საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან

ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების წვდომა აქვს, მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას და ხდება თუ არა ხელოვნურად წახალისება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი რამ არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა.

„ახლა კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ რიგი ობიექტური მიზეზების გამო, არ მგონია, საქმე კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან გვქონდეს“, – განაცხადა სერგეენკომ. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია და ა.შ ერთი პირის ხელშია, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემას ბიზნესში ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებენ და ეს შესანიშნავი მდგომარეობა არ არის.

„ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები სახელმწიფომ მართვაში მთლიანად წამოიღო. ეს ამ სიტუაციის სერიოზული კორექცია იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.