დავით სერგეენკო - ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, უნდა შესრულდეს ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს
ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. უნდა შესრულდეს ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დავით სერგეენკოს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა დაუსვეს, აპირებენ თუ არა უკრაინაში ჩასვლას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სერგეენკოს თქმით, უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რითაც არიან დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპი.
„უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა ხდება უკრაინაში, წარმოუდგენელია, ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს. ამ ადამიანებისთვის სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მნიშვნელოვანია. პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას. რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობასა და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. 2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როცა ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი, პირველი იყო საქართველოს დელეგაცია და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში. ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპიც.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური ამასთან მიმართებაში, რადგან ემოციები მძალავს ყოველთვის – უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.