დავით სერგეენკო - ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს განასხვავებს, თუ შედეგი არ იქნება, საჭირო გახდება ხისტი ნაბიჯები სავალდებულო აცრისთვის​​
დავით სერგეენკო - ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს განასხვავებს, თუ შედეგი არ იქნება, საჭირო გახდება ხისტი ნაბიჯები სავალდებულო აცრისთვის​​

​ეპიდვითარება ცალსახად უარესდება, ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა  დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკო პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

„იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე ტალღა, თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია – ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე. ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს. რაც შეეხება აცრებს, ძალიან სამწუხაროა, ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ დამერწმუნეთ, ორ საუკუნეზე მეტია, აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია“,- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, შეზღუდვები პანდემიის განუყოფელი ნაწილია. როგორც სერგეენკო აცხადებს, იგეგმება შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებს განასხვავებს.

„მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება ის შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირი იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკჯგუფების სავალდებულო აცრისთვის​​“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.