დავით სერგეენკო - არ მინდა, ვინმემ „რესპუბლიკური პარტიისადმი“ უპატივცემულობაში ჩამომართვას, მაგრამ მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი სერიოზული არ მგონია
დავით სერგეენკო - არ მინდა, ვინმემ „რესპუბლიკური პარტიისადმი“ უპატივცემულობაში ჩამომართვას, მაგრამ მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი სერიოზული არ მგონია

„რესპუბლიკური პარტიის“ მოსაზრებას ოპტიმალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია იმ კომპრომისების მიღწევაში, რასაც საბოლოო შედეგად ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის გამართული და სრულყოფილი მუშაობა უნდა მოჰყვეს, როგორიც პარლამენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„იმ საკითხებს, რომლებიც შენს ქვეყანას ეხება, არ შეიძლება, სელექციურად მოეკიდო, რომელია შენთვის კომფორტული და რომელი – არა. როდესაც მოსახლეობის ნაწილმა ნდობის მანდატი მოგცა, რომ პარლამენტში შესულიყავი და ეს ტრიბუნა გამოგეყენებინა, აქ რაღაც სელექციური კონტრაქტირებები ჩემთვის მისაღები არ არის. აქ არის ბევრი ციტატა სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ხაჭაპურს ეხება, მაგრამ არ მინდა, აქ მოვყვე. ასეთი სელექცია არ იქნება სწორი, თუ შემოდიან, შემოვიდნენ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებებისთვის მზად არ არის და პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლების შეტყუება უნდა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ „შეთვლა-შემოთვლით ქვეყანა წინ ვერ წავა“.

„არ მინდა, ვინმემ ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ უპატივცემულობაში ჩამომართვას, მაგრამ მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი სერიოზული არ მგონია. ნუ დაირქმევენ, რომ პარლამენტში შემოდიან, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც გამჭვირვალე შეკრება ჰქონდეთ, სადაც მსჯელობა იქნება ამ საკითხზე. შეთვლა-შემოთვლით ქვეყანა წინ ვერ წავა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. ამასთან, როგორც დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.