დავით სერგეენკო - ადამიანურად მესმის თამარ ჟვანიას გადაწყვეტილების, თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო
დავით სერგეენკო - ადამიანურად მესმის თამარ ჟვანიას გადაწყვეტილების, თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ მედიის მეშვეობით შეიტყო.

სერგეენკოს თქმით, გადადგომაზე თამარ ჟვანიას განმარტება წაიკითხა და ადამიანურად მისი გადაწყვეტილების ესმის, ვინაიდან თვეების განმავლობაში დაუმსახურებელ შეურაცხყოფას იღებდა.

„რაც შეეხება, რატომ გადადგა, მისი განმარტება წავიკითხე, ადამიანურად ძალიან მესმის ეს გადაწყვეტილება. ამ თვეების განმავლობაში მართლა დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი კომპეტენციაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ასე რომ, ამ ადამიანის მესმის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკო არ ფიქრობს, რომ თამარ ჟვანიას გადაწყვეეტილება მის მიმართ ზეწოლას უკავშირდება.

„რაც შეეხება იმას, ზეწოლის ქვეშ მიიღო თუ არა მან ეს გადაწყვეტილება, არ მგონია. ჩემთვის უცნობია, რატომ მიიჩნევდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს. ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამ გააკეთოს ადამიანმა. როგორც ექიმი, ისე გეტყვით, რომ ასე მარტივად არ არის მყისიერი რეაგირება. ზოგჯერ, ადამიანი ცდილობს, შეიკავოს თავი და გაისიგრძესიგანოს პრობლემა. უბრალოდ, ამდენი სტრესისას, ყველას რაღაც რესურსი აქვს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას მსგავს კანდიდატს დაასახელებს“, – სერგეენკოს განმარტებით, კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციას და ყველასთვის მისაღები იყოს.

„ოპოზიციის ეს გულთმისნობა რაღა არის, არ ვიცი. კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციას და ყველასთვის მისაღები იყოს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.