დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე გრიპის 221 შემთხვევაა. ეს კი, ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიური მზადყოფნა 100 ათას მოსახლეზე 450 შემთხვევას გულისხმობს.

„ეპიდემიურ მზადყოფნასთან მიახლოებულები საბედნიეროდ, არ ვართ. მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად, ჯობს დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი. სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები – გრიპის შემთხვევების მართვისთვის. ამიტომ აუცილებელია, ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო დახმარებას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ფასიანი და უფასო ვაქცინა.

„სახელმწიფო ყიდულობს მაღალი ხარისხის ვაქცინებს. ვაქცინაცია არის მიმართული, რომ ბავშვთა კალენდარი იქნას შესრულებული და ბავშვი მთელი ცხოვრება დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ეს ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ყველას ვთხოვთ, დაიცვან ვაქცინაციის კალენდარი. კლინიკები მზად არიან მაღალი მიმართვიანობისთვის. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, რასაც დარგის სპეციალისტები აწვდიან“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.