დავით საყვარელიძე – რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები​

10:00, 22.08.2026

მგონია, რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო, არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან, ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში, ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ომი საკმაოდ მძიმედ აისახა ქვეყანაზე.

„წინა დღეს სრულიად სხვა განწყობა იყო. 2008 წელს ხალხში მაინც იყო იმის იმედი, რომ შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობა რაღაც ფორმით აღვადგინოთ, ნაწილი მაინც. მეორე დილას, ზუსტად დროსაც გეტყვით, დაახლოებით იყო 10 საათი და 20 წუთი, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა და გორში, რამდენიმე რაიონში ჩამოაგდო ბომბი. დაბომბა კომბინატის დასახლება და შემდეგ ესროლა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. პირველად თავში გამიელვა, რომ ალბათ სიზმარია ან კინოფილმში ვარ, მძაფრსიუჟეტიანში, რადგან თვითმფრინავმა თავზე გადაგიფრინოს, ბომბი ჩამოყაროს, საოცრებათა სფეროდან თუ შეიძლებოდა წარმომედგინა. მერე მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა. ახლა რომ ვხვდები, მგონია, რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან, ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ. ის სურათები რომ მახსენდება – დაცლილი გორი, როცა მტერი შემოდის ფაქტობრივად და ქალაქი დაცლილია, დგახარ კასპთან პოლიციის ძალებთან ერთად. მაშინ არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. დავრბოდით, ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა. მახსოვს, ტრაქტორისტის თვალებში შიში, რომელიც უარს აცხადებდა ტრაქტორზე დაჯდომასა და წასვლაზე, როდესაც სანგრები იყო გასათხრელი. იქ პოლიციის უფროსი იყო მაშინ გელა ანჯაფარიძე. გელამ თქვა: „მე დავჯდები შენ მაგივრად, ნუ გეშინია, წავიდეთ“. იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ. მინდა, გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

მსგავსი