დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ტოვებს
დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ტოვებს

დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება და ახალი სახეები სჭირდება. როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე საგანელიძემ განმარტა, ის ბოლო
ორი წელია, პოლიტსაბჭოში ფორმალურად ირიცხება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ისედაც არ მონაწილეობს.

„ნამდვილად სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი პოლიტსაბჭო ახალი ენერგიით – ახალი სახეებიც აუცილებელია ბუნებრივია პოლიტიკაში, ასე რომ შევხედოთ.

მე ჩემი პოზიცია მაქვს და ჩემი პოზიცია ის არის, რომ ორ წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად პოლიტიკაში არ ვარ. ფორმალურად, ეს ორი წელიწადი პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე საპარტნიორო ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი.

მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის უდიდეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ, გავაკეთებ ამ განცხადებას დღეს, რომ ჯობია, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, – განაცხადა საგანელიძემ საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან პოლიტსაბჭოს ახალი წევრები და როგორ გადანაწილდება პარტიული თანამდებობები „ქართულ ოცნებაში“, საგანელიძე არ აკონკრეტებს.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ამ დროისთვის 21 წევრი ირიცხება.