დავით საგანელიძე - გიორგი ქობულია საპარტნიორო ფონდის მიმართ ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას იჩენდა
დავით საგანელიძე - გიორგი ქობულია საპარტნიორო ფონდის მიმართ ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას იჩენდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ფონდის მიმართ ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას იჩენდა – ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები დავით საგანელიძეს უსმენდნენ.

საპარტნიორო ფონდის დირექტორმა მოგვიანებით მედიასთან ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა ისიც, რომ გიორგი ქობულია გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას აჭიანურებდა, რის გამოც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ფონდი ვერ იწყებდა.

„მე წასულ ადამიანთან საუბარს მიკროფონებით არ ვაპირებ. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი პროექტი შეფერხებული იყო, რადგან ხელმოწერა ბორდის წამყვანი სამინისტროსი არ არსებობდა თვეების განმავლობაში და შემდგომ ქობულიამ ეს თქვა და ასევე თქვა, რომ არ უნდა კეთდებოდეს ასე და მე მას პასუხი გავეცი. მიზეზი პროექტის არამომგებიანობა რომ ყოფილიყო, მაშინ საბოლოო ჯამში ხელს არ მოაწერდა. თუ მერე ხელს აწერ უამრავ დოკუმენტს ერთდროულად და ერთ დღეს, ე.ი. ეს დოკუმენტი სწორია“, – განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელ დოკუმენტებზე აჭიანურებდა ხელმოწერას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. საგანელიძის განცხადებით, მას არ უნდა შიდა სამზარეულო გარეთ გამოიტანოს და ამ თემებზე მეტი კონკრეტიკით ისაუბროს.

„არ მინდა შიდა სამზარეულო გარეთ გამოვიტანო და თუ ვიღაცები ამას აკეთებენ, მე ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში შემიძლია ვესაუბრო. საერთოდ, თუ ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებს, ამას უფასებენ და თუ ვერ აკეთებს სწორად და შეცდომებს უშვებს, გარკვეული გადაწყვეტილებები ხორციელდება მის მიმართ და ამ შემთხვევაშიც განხორციელდა. ხელს არავის ვაფარებ, ბოდიში რომ კონფიდენციალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ რამე სერიოზული მიზეზი აფერხებს ფონდის მუშაობას, ამას სადაც საჭიროა იქ ვიტყვი“, – განაცხადა საგანელიძემ.