დავით საგანელიძე - ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ არის
დავით საგანელიძე - ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ არის

ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ არის, – ამის შესახებ დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი გამოცდილება პარტიას წაადგება.

„შეიცვალა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა – ზოგი დარჩა, ზოგი ახალი წევრი გვყავს. მე დავაყენე საკითხი, რომ მე მზად ვარ, პოლიტსაბჭოს წევრობა დავტოვო იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და შესაძლებელია, ჯობდეს ასეთ საფინანსო ინსტიტუტს არაპოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობდეს. თუმცა, პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა – პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ ბრძანეს, რომ აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება, რომ ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე მართლა მაქვს პოლიტიკური ცხოვრების არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც – თექვსმეტი წელი პარლამენტის წევრი ვიყავი, მაჟორიტარად ვიყავი ბევრჯერ და ასე შემდეგ, ეს წაადგება პარტიას“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე არ უსაუბრიათ.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას, მისი თქმით, შედგენაში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„ალბათ, ამ დეტალებზე და სამზარეულზე არ იქნება სწორი საუბარი“, – განაცხადა საგანელიძემ.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. პარტია „ქართული ოცნების“ განახლებულ პოლიტსაბჭოში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე რჩება.