დავით ქართველიშვილი - გამოვრიცხავ მასშტაბურ აქციებს, რადგან ადამიანური რესურსით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უჭერს მხარს, არ შეუძლიათ ქვეყანაში რევოლუციური მუხტის შექმნა
დავით ქართველიშვილი - გამოვრიცხავ მასშტაბურ აქციებს, რადგან ადამიანური რესურსით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უჭერს მხარს, არ შეუძლიათ ქვეყანაში რევოლუციური მუხტის შექმნა

მე გამოვრიცხავ მასშტაბურ აქციებს, რადგან იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უჭერს მხარს, ამ პარტიას არ შეუძლია ქვეყანაში რევოლუციური მუხტის შექმნა, – განაცხადა ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“ სტუმრობისას.

„შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ „ლიდერშიპის“, ან „სტაფის“ დონეზე იხილებოდა სხვადასხვა დესტრუქციული და რადიკალური გეგმები, რომლის შესახებაც გუშინ სუს-მა გვამცნო, მაგრამ იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უჭერს მხარს, ამ პარტიას არ შეუძლია, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი შექმნას და წელს, რაღაც 1917 წლის მოვლენები გაიმეოროს – რაღაც ჯგუფმა „ტელეგრაფი“ აიღოს, რაღაც ჯგუფმა ტელევიზია და ასე შემდეგ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გადამოწმების სტადიაზეა და კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან.

„იმედია, შესაბამისი სტრუქტურები ამ ინფორმაციით დაინტერესდებიან. პირობითად ვამბობ, იმ 500 000 ამომრჩეველში, რომელმაც ამ არჩევნებში მეორე ტურშიც მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, შესაძლოა, გარკვეული ნაწილი, 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი ის კონტიგენტია, რომელიც რაღაც თანხის მიცემის სანაცვლოდ დათანხმდა, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ. ეს სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა არსებობს. იცით, რისი თქმა მინდა? – თუ მე თანხა ავიღე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერი შემომეხაზა, მე არ ვარ იმ კონტიგენტის წარმომადგენელი, რომელიც რადიკალურ გეგმებს შეაკვდება, რომელიც ქუჩების ბლოკირებისთვის გამოვა, ან ციხის შენობების შტურმით ასაღებად ქუჩაში გავა. უბრალოდ, ამას ისინი არ გააკეთებენ. ეს მუხტი, ჩემი აზრით, იმ ამომრჩეველშიც კი არ არსებობს“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებოდა და მათ შორის, საქართველოში მაიდანის მოწყობის სცენარიც განიხილებოდა.

„ამ ადამიანს ეს სცენარი დიდი ხნის წინ ჰქონდა განსახორციელებლად მომზადებული, როგორც გეგმა ბე. მე უბრალოდ, ამაზე ვფლობ ინფორმაციას და ამ ინფორმაციას ვერ დავივიწყებ. ეს გეგმა 2014 წელს ჩაისახა“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოიგო თუ არა ნიკა მელიამ სტრატეგიულად, როცა ჩრდილოვანი კაბინეტი წარმოადგინა, ექსპერტმა განაცხადა, რომ ამით ნიკა მელიას არც მოუგია და არც წაუგია.

„ჩემი აზრით, ნიკა მელიას მხრიდან ეს უფრო რაღაც პოპულისტური ნაბიჯი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, მე იმ ჩრდილოვანი კაბინეტის ძალიან ბევრ ფიგურანტს ქართულ პოლიტიკაში ცვილის ფიგურას ვუწოდებ. მათ არანაირი ბექგრაუნდი არ აქვთ, რაღა კაბინეტის წევრობით იწყებ, რა არის ეს, ქართული ავადმყოფობა, ხომ? დაიწყონ საკუთარი პარტიების განვითარება, იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, დააინტერესონ ახალგაზრდობა. ის, რომ შენ გინდა, რაღაც უწყების ხელმძღვანელის, ან მინისტრის პორტფელი გქონდეს, ამით იწყებ პოლიტიკურ წინსვლას ცხოვრებაში?“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.