დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

„საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დ.ო.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დ.ო.-ს და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ  დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს, მათ შორის ერთ-ერთი  გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.ო. გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცველების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე  ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული გამოძიების პირობებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო  მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

ჩატარებული გამოძიების შედეგად 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა.ბ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.