დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმე უზენაეს სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმე უზენაეს სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე უზენაეს სასამართლოში მხარეები ხვალ რეპლიკებს იტყვიან.

დღევანდელი სხდომა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელზეც პროკურატურა საკუთარ საკასაციო სარჩელს კითხულობდა.

მოსამართლეთა კოლეგიაში შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. უზენაეს სასამართლოში პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.

დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა. საქალაქო სასამართლოს მიერ ბეჟანიძე გამართლდა, ასევე ის გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც.

საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა. ამ წუთებში საკუთარი სიტყვით სარგებლობს დაცვის მხარე. ადვოკატი მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ.

ხვალ სხდომა 09:30-ზეა ჩანიშნული.