დავით ონოფრიშვილი - კონკურენციის პრინციპის დარღვევაა, როცა ბანკში იმპერატიულად გეუბნებიან, რომ ერთი კონკრეტული დაზღვევა უნდა აიღო
დავით ონოფრიშვილი - კონკურენციის პრინციპის დარღვევაა, როცა ბანკში იმპერატიულად გეუბნებიან, რომ ერთი კონკრეტული დაზღვევა უნდა აიღო

ყველა სადაზღვევო კომპანიას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ბანკში წარმოდგენილი იყოს მისი დაზღვევა, კონკურენციის პრინციპის დარღვევაა, როდესაც ბანკი იმპერატიულად გთავაზობს მხოლოდ ერთ დაზღვევას, – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში სადაზღვევო სექტორის გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს განსაკუთრებული აქცენტი საბანკო და სადაზღვევო აქტივების გამიჯვნაზე გაკეთდა.

გადაცემის თანაწამყვანმა, ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ დღემდე პრობლემად რჩება საკითხი, რამდენად უზრუნველყოფილია კონკურენცია სადაზღვევო სექტორში იმ ფაქტის გამო, რომ გარკვეული სადაზღვევო კომპანიები ბანკებთან არიან ასოცირებული. ამ საკითხის დარეგულირებას სადაზღვევო კომპანიების ნაწილი უკვე საკანონმდებლო დონეზე ითხოვს.

ონოფრიშვილი ამბობს, რომ აქტივების გამიჯვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ანტაგონიზმი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ბანკებთან არიან დაკავშირებული. თუმცა მისი აზრით, არაპროფილური აქტივების გამიჯვნის საკითხი მხოლოდ ბანკებთან დაკავშირებით არ დგას და ეს თემა ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებითაც უნდა იყოს განხილული.

„ბანკებთან არსებული კომპანიები დღეს რეალურად ორია და ცხადია, ანტაგონიზმი იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც ბანკებთან არ არიან ასოცირებული, არსებობს. თუმცა ასევე არიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც მიბმულია ფარმაცევტულ კომპანიებთან. პრინციპი უნდა დაზუსტდეს ან სულ არავინ არავისთან უნდა იყოს“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

დაზღვევის სახელემწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, უკვე მიმდინარეობს თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან და რამდენიმე თვეში რეალური შედეგებიც დაიდება.

„მაგალითად, მიდიხარ ბანკში, იღებ სესხს და ბანკი გეუბნება, რომ თქვენს პაკეტში არის სიცოცხლის დაზღვევა და ქონების დაზღვევა, თუ მაგალითად, იპოთეკურ სესხს იღებთ. დღეს შეიძლება გითხრან, რომ ეს ერთიანი პაეკტია და გნებავთ აიღეთ, გნებავთ – არა. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ თქვენ გქონდეთ უფლება, ბანკის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პროდუქტი გააცნოთ სხვა სადაზღვევო კომპანიას და თუ იმ სხვას აქვს უკეთესი პირობები, მოუტანოთ ბანკს და იმან მიიღოს თქვენი მოტანილი დაზღვევა. კონკურენციის პრინციპის დარღვევაა, როცა იმპერატიულად გეუბნებიან, რომ ეს დაზღვევა უნდა აიღოთ და სხვა – არა. როცა ბანკში შედიხარ, არ უნდა გაწვდიდნენ მხოლოდ ერთი ბანკის დაზღვევას“, – განმარტა დავით ონოფრიშვილმა.