დავით ნოზაძე - ვიღებ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე
დავით ნოზაძე - ვიღებ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე

ვიღებ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ნიშნავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.

„მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოცხადებული ნდობისთვის, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის მიმართ, არამედ მთლიანად საქართველოს წინაშე. ვიღებ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისათვის, რაც გულისხმობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას, ბიზნესის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას. თავისთავად ჩემთვის პრიორიტეტული იქნება მთავრობის მიერ უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დიდი ყურადღება დაეთმობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

მიმაჩნია, რომ მხარის გუბერნატორის, მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და სახელმწიფო უწყებებთან, მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს რეგიონის მეტად განვითარებას. რაც შეეხება გეგმებს, რეგიონში სიტუაციის დეტალურად გაცნობის შემდეგ, წარვადგენ დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.