დავით ნინიაშვილი - „შემოდგომის ერთა თასის“ დონის ტურნირზე მონაწილეობამ ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა
დავით ნინიაშვილი - „შემოდგომის ერთა თასის“ დონის ტურნირზე მონაწილეობამ ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა

„რაგბი ევროპის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ მორაგბე დავით ნინიაშვილთან, რომელსაც დებიუტი ირლანდიის წინააღმდეგ, „შემოდგომის ერთა თასზე“ ჰქონდა. „საქართველოს პირველი არხი“ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

როდესაც 2020 წლის 29 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასზე“, 18 წლის დავით ნინიაშვილი ირლანდიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან ოცნება აიხდინა, რომელიც რვა წლის ასაკიდან ჰქონდა.

ახლა მას იმედი აქვს, რომ საკუთარ ქვეყანას „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩშიც გამოადგება, რომელშიც შვიდ თებერვალს საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება.

„ავივა სთედიუმზე“ გამართულ მატჩში ის 66-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო მეორე კეპი კი „მარიფილდზე“, მფრინავი ფიჯელების წინააღმდეგ მოიპოვა.

ახლა ნინიაშვილს სურს 2021 წელი ისევე დაიწყოს, როგორც 2020 დაასრულა:

„ნაკრებთან ერთად ვარჯიში 17 წლის ასაკში დავიწყე და თავიდან ცოტა დაბნეული და აღელვებული ვიყავი. ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც დებიუტი მქონდა. ყველანაირად ვეცდები, მათი იმედები გავამართლო და ეროვნულ გუნდში საკუთარი უნარები სრულად გამოვავლინო.

„შემოდგომის ერთა თასამდე“ გრძელი პერიოდი გავატარე გუნდთან ერთად, რაც დამეხმარა უკეთ აღმექვა სხვა მოთამაშეების მოძრაობები და ის, თუ რას ელოდნენ ჩემგან. იმედი მაქვს ეროვნულ გუნდში კვლავ მიმიწვევენ და მეტ მატჩს ჩავატარებ. „შემოდგომის ერთა თასის“ დონის ტურნირზე მონაწილეობამ ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა.“

როგორ ჩაერთო დავითი რაგბიში?

„რაგბის თამაში რვა წლის ასაკში დავიწყე. მცირე ხანში ორი წლით ჭიდაობაზე გადავედი, თუმცა დავბრუნდი და უკან აღარ მიმიხედია. რაგბი ძალიან შემიყვარდა და მინდოდა მენახა, თუ რა გამომივიდოდა ამ სახეობაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების „მსოფლიო თასზე“ თამაშმა და მატჩების სატელევიზიო რეპორტაჟებმა კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი და სპორტი ჩემთვის მეტად მიმზიდველი გახდა.

მახსოვს საქართველოსა და არგენტინას 2017 წლის თამაში 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ რანგის ტურნირის მასპინძლობა და როდესაც საქართველომ მეტოქე დაამარცხა, სტადიონი ბედნიერმა დავტოვე.“

გარდა ბედნიერების განცდისა, დავითმა იმ დღეს საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორაგბე გახდებოდა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა კარიერა სარაგბო კლუბ „ხვამლის“ შემადგენლობაში დაიწყო – გუნდმა შარშან რეგიონალური ლიგა მოიგო და პირველ ლიგაში დაწინაურდა. შესაბამისად, დავითი ეროვნული გუნდის ვარჯიშებზე ისე მიიწვიეს, რომ უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა ჩატარებული. მიუხედავად ამისა, სწრაფად განვითარებად სპორტსმენს „დიდ 10“-ში თამაში მიზნად აქვს დასახული.

2019 წელს ის იყო საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრი – გუნდის, რომელმაც კალინინგრადში გამართულ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი ანგარიშით 20:10 დაამარცხა. ფულბექი თამაშს იხსენებს და ამბობს, რომ ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო.

ის ერთ-ერთია მოთამაშეების იმ ასაკობრივი ჯგუფიდან, რომელმაც ქართული რაგბი შემდეგ დონეზე უნდა გადაიყვანოს:

„საქართველოში მუდმივად იზრდებიან ძლიერი მოთამაშეები და ახლა კიდევ უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ წინ წავიდეთ, რადგან სავარჯიშო პირობები წარსულთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ასაკობრივ ნაკრებში ღირებული გამოცდილება მივიღეთ და თამაშიდან თამაშამდე გავიზარდეთ. მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც ვგრძნობდით პოზიტიურ ცვლილებებს. ამ გამოცდილებამ აქამდე მოსვლაშიც შემიწყო ხელი და 2021 წელსაც დამეხმარება.“

დავით ნინიაშვილს ამაღელვებელი მომავალი ელის – დაიმახსოვრეთ მისი სახელი!

დატოვე კომენტარი