დავით ნარმანია – წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე ავარია, რომელიც გადაეცა მთელ სისტემას, დაცვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ

13:46, 04.08.2026

მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემების შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში სისტემის გათიშვას აგვარიდებს თავიდან, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს პირველადი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა პირებიდან, თუმცა გარკვეული მონაცემები ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია.

„ყველაფრის თავმოყრის შემდეგ შევძლებთ, გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური გათიშვის მიზეზი იყო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „იმერეთზე“ ავარია, რომელიც გადაეცა მთელ სისტემას. სისტემაში არსებულმა გამორთვის, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. რა გახდა ამის მიზეზი,  დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. „ენგურჰესი“, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის დაბალანსება, აქვს თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემები, აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს აპარატურა, აღნიშნული ჯგუფი დამატებით შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან შესაბამის დასკვნას“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, ყველა უწყება, ყველა პირი წარმოადგენს მოსაზრებებს, ინფორმაციას, რომელიც გაანალიზდება.

„ამ უამრავ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ზუსტად, მილიწამებში შეაფასებს ავარიას, რაც არ არის ადვილი. ადრე მუშაობდა აღნიშნული დაცვის სისტემები, ამ შემთხვევაში არ იმუშავა. რა გახდა ამ ხარვეზის მიზეზი, სწორედ ამაზე დაისვას კითხვები. შესაბამისად, უნდა მივიღოთ პასუხები. ამ პასუხების მიღებაში დაგვეხმარება  ექსპერტების დასკვნა, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არიან ჩამოსული. დაცვის მოწყობილობები არ აქვს მხოლოდ სახელმწიფო ელექტროსისტემას, დაცვის მოწყობილობები აქვს „ენგურჰესსაც“, გენერაციის სხვა ობიექტებსაც და ისინი უნდა იყოს ერთმანეთთან სინქრონში. ასე რომ, წინასწარი დასკვნები ჯერ არ უნდა გავაკეთოთ. „ენგურჰესს“ ძალიან ბევრჯერ აქვს აღნიშნული ფუნქცია შესრულებული, როცა სისტემაში იყო შეშფოთებები, „ენგურჰესმა“ ეს ტვირთი აიღო თავის თავზე, დააბალნსა სისტემა. სწორედ ამიტომ არის „ენგურჰესი“ მარეგულირებელ სადგურთა შორის. მეორე მსგავსი სადგური რომ გვქონოდა, შესაძლო ხარვეზის შემთხვევაში მეორე დაგვიცავდა ამ ყველაფრისგან, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

ამასთან, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები 30 ივლისს გამოაქვეყნა.

მსგავსი