დავით მუჯირი - უეფა-ს წარმომადგენლებთან ერთად ქართული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე ვმუშაობთ #1TVSPORT
თბილისში UEFA GROW-ის სესია გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს.
სესიაში მონაწილეობდნენ სფფ-ის მენეჯმენტის და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ხოლო უეფა-დან ექსპერტები – ილია კიტიჩი, ოლექსანდრ კუჩერიავი, ჯოზეფ კლიმენტი და დანიელ ფლეტჩერი.
ქართული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა 2026-2030 წლებზე იქნება გათვლილი.
„უეფა-ს დელეგაციასთან ერთად შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმა 2026 წლამდე იყო გაწერილი. ამ გეგმის საკმაოდ ბევრი კომპონენტი შესრულდა. უეფა-ს წარმომადგენლებთან სამომავლო გამოწვევებზე ვისაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2026–2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაც ერთად შევიმუშაოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდა ინფრასტრუქტურის ზრდასთან იყოს თანხვედრაში. იმედია, ახალი სტრატეგიული გეგმაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.