დავით მუჯირი - სახელმწიფო ფეხბურთში ინფრასტრუქტურის როლს კარგად აცნობიერებს #1TVSPORT
დავით მუჯირი - სახელმწიფო ფეხბურთში ინფრასტრუქტურის როლს კარგად აცნობიერებს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განხორციელებულ, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ილაპარაკა.

 

„საქართველომ ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძლობის უფლება რუმინეთთან ერთად მოიპოვა. თამაშები თბილისში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება, ფინალი – ბათუმში. ეს ტურნირი ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს შეუწყობს. შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე დავიწყეთ, რადგან საქართველოს ნაკრების გარდა, კიდევ 7 ნაკრები ჩამოვა, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დასჭირდებათ.

ჩავატარეთ აგრონომების, ექიმების და კლუბების მენეჯერების კურსებიც, სადაც ეროვნული ლიგების გუნდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლიცენზირების პროცესში კი პრო-ლიცენზიიდან დაწყებული „ც“ ლიცენზიამდე ჩავედით. მნიშვნელოვანია მსაჯთა აკადემიის მუშაობა, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი თამაში იმართება, ამას კი შესაბამისად, მეტი მსაჯიც სჭირდება.

სფფ-მ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა – უმრავლესობა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის და მისი საერთაშორისო პარტნიორების, ფიფა-ს და უეფა-ს დახმარებით განხორციელდა. რუსთავის, ლაგოდეხის, გვიმბალაურის და რუხის აკადემიებს ქუთაისის აკადემიაც დაემატება და საქართველოში 5 საფეხბურთო აკადემია გვექნება.

8 სტადიონზე დავაგეთ ბუნებრივი მოედნის საფარი – ქუთაისში, ბოლნისში, საჩხერეში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთსა და თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში. კასპსა და გურიაში, გვიმბალაურში აშენებული სტადიონები კი სახელმწიფოსა და ფედერაციის თანამშრომლობის მაგალითია.

აშენდა ბათუმის სტადიონი, რაჭაში არაჩვეულებრივი სტადიონი, მარტვილში შესანიშნავი კომპლექსი, ხაშურში სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება, საგარეჯოში „გარეჯი“ უკვე თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ინფრასტრუქტურის საჭიროების როლს კარგად აცნობიერებს.

ახლა სამი პროექტი ხორციელდება – დიდ დიღომსა და ნუცუბიძის პლატოზე საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. თბილისში ხუთი ცენტრი გვექნება. ნუცუბეზე 7/7-ზე ფეხბურთში სტადიონიც გაკეთდება და ტურნირებს იქ ჩავატარებთ. ახალი ინფრასტრუქტურით ფეხბურთში მოვარჯიშეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ვარკეთილის მაგალითზე გეტყვით – 2019 წელს 171 ბავშვი ვარჯიშობდა, მოედნების გახსნის შემდეგ კი – 591.“