ლევან კობიაშვილი - არ მჯერა შემთხვევითობის, ეტყობა, რაღაც კარგად ვერ გავაკეთეთ და ევრო 2020-ზეც ამიტომ ვერ გავედით #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - არ მჯერა შემთხვევითობის, ეტყობა, რაღაც კარგად ვერ გავაკეთეთ და ევრო 2020-ზეც ამიტომ ვერ გავედით #1TVSPORT

სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე ყრილობა, რომელსაც ესწრება უეფა-ს ეროვნული ფედერაციების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ კლიმენტი.

ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, მათ შორის – საქართველოს პირველ არხს.

ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო ჯილდო გადასცეს დემიკო ლოლაძეს, რომელსაც ქართულ ფეხბურთზე არაერთი წიგნი აქვს დაწერილი.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, მოხსენება ლევან კობიაშვილმა გააკეთა, რომელმაც გასული წელი შეაფასა.

 

„რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც უნდა შევაფასოთ. უპირველესად, ჩვენი ფუტსალის ნაკრების მიღწევა უნდა ვახსენო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს იყო მიზანმიმართული წარმატება და ამ სახეობაში ჩართულმა ადამიანებმა საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. ვთქვით, რომ ფუტსალში გვქონდა პოტენციალი და საბოლოოდ, შედეგიც მოვიდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება – 2023 წელს საქართველო ვეროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, ხოლო ფინალი ბათუმში გაიმართება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დავნიშნეთ და მჯერა, რომ ის წარმატებით იმუშავებს. მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. არ მჯერა შემთხვევითობის – ალბათ, ვერ გავაკეთეთ რაღაც კარგად და ეტყობა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებდით. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რა მოხდა, რატომ ვერ გავედით და რა შეცდომა დავუშვით. ასეთი მიდგომა უფრო გაგვაძლიერებს. თუ არ ვთქვით, რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს, წინ ვერ წავალთ. ანალოგიური მოხდა ფუტსალშიც, მაგრამ სწორი ანალიზი გაკეთდა და გუნდმა შემდეგი შანსი გამოიყენა. მჯერა, ასეთივე შანსი ფეხბურთშიც გვექნება და ის დღე დადგება, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდით გავიხარებთ.

შევეხები სახელმწიფოს დაფინანსებასაც. ჩვენ ხედვაა, რომ ფედერაციებმა და მათ შორის ჩვენ, თანხები თავად უნდა მოვიზიდოთ. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. სახელმწიფოს დაფინანსება გვჭირდება, მაგრამ სხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურით, მეტი მოედნით, მეტი სტადიონით, და სახელმწიფო ამ კუთხით უნდა გვეხმარებოდეს. ეს დღესაც კეთდება, მაგრამ უფრო მეტს ვისურვებდით.

გასულ წელს ქალთა ფეხბურთში „ლანჩხუთმა“ გაგვახარა და დღეს 2000-მდე გოგონა თამაშობს. 5 წლის წინ სულ 100 მოთამაშე იყო. ჩვენ მათ გვერდით ყოველთვის დავუდგებით – სწორედ ამიტომ ქალთა ფეხბურთის სტრატეგია შევიმუშავეთ“.

დატოვე კომენტარი