დავით მუჯირი - ქალთა ლიგის ფეხბურთელები დაზღვეული იქნებიან, ეს აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 420 ფეხბურთელი გოგონას სპორტულ-სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოფილი იქნება – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
სფფ-მ მონახა პარტნიორი და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი წლებია აქტიურად მუშაობს და მიხარია, რომ ფეხბურთით დაინტერესებულ გოგონათა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას ლიგაში მოთამაშე გოგონათა ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, რომ სპორტული დაზღვევა სპეციფიკურია. ამიტომ, გოგონებისთვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ იყო.
საბედნიეროდ, უკვე გვყავს პარტნიორი, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ჩართულიყო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში და სპორტული სადაზღვევო პაკეტით გვერდში დაგვიდგა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ქალთა ფეხბურთის უფრო მეტად განვითარებას“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.