დავით მუჯირი - იმედია, ელიგაში ვიდეორეფერის გამოყენების ლიცენზიას მალე მივიღებთ #1TVSPORT
დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვის გეგმებზე ისაუბრა. სფფ-ის გენერალური მდივნის თქმით, საამისოდ საქართველო ფაქტობრივად მზადაა.
„სფფ-ს მიზნად აქვს დასახული 2022 წლიდან ეროვნული ლიგის თამაშებზე დაინერგოს ვიდეორეფერი. რამდენიმე ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. თბილისში, ფიფა-ს წარმომადგენლებთან ერთად ხუთდღიანი საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო. ტექნიკური აღჭურვილობა უკვე საქართველოშია, რაც მსაჯების გადამზადების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, ეს ხუთი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩეულია 18 მსაჯი, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მატჩებზე. სემინარი თეორიულ მეცადინეობას და ტექნიკურ განსწავლას დაეთმობა“, – ამბობს დავით მუჯირი.
მან ვიდეორეფერის სისტემის დანერგვის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრა.
„იმედი მაქვს, მალე გადაწყდება და მივიღებთ ლიცენზიას, რომელიც უფლებას მოგვცემს ეროვნული ლიგის მატჩებზე ვიდეორეფერი გამოვიყენოთ. სამომავლოდ, გვსურს, რომ ეროვნული ლიგა სრულად იყოს მოცული და ეს პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ჩვენი მიზანია, 2023 წლიდან ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრა ვიდეორეფერით წარიმართოს“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ VAR-ის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო, სადაც ფიფა-ს ინსტრუქტორი ქართველ არბიტრებს სისტემის დანერგვისთვის ამზადებენ. სემინარების რამდენიმე ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველი არბიტრები მსაჯის ვიდეო ასისტენტის ლიცენზიას მიიღებენ. სფფ-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.