საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვა წელს იგეგმება - მსაჯებისთვის VAR-ის სემინარი დაიწყო #1TVSPORT
საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვა წელს იგეგმება - მსაჯებისთვის VAR-ის სემინარი დაიწყო #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილის არენაზე“ VAR-ის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო, სადაც ფიფა-ს ინსტრუქტორი ქართველ არბიტრებს თეორიულ და ტექნიკურ გამოცდილებას უზიარებენ და სისტემის დანერგვისთვის ამზადებენ.

სემინარის მიმდინარე და მომდევნო ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველი არბიტრები მსაჯის ვიდეოასისტენტის ლიცენზიას მიიღებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეოასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს.

სფფ-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება. საქართველოში მსაჯის ვიდეოასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. მასთან ერთად, პროექტში კიდევ ერთი ინსტრუქტორი, დავით ხარიტონაშვილია ჩართული.

„დაიწყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მეორე ნაწილი. სემინარის ფარგლებში, ინსტრუქტორი აუხნის მსაჯებს, კონკრეტულად რა ეპიზოდებში ერთვება ვიდეორეფერი თამაშში. აქ წარმოდგენილი მსაჯები კანდიდატები არიან და თავის გამოჩენის შემთხვევაში ფიფა-ს წარმომადგენლების მიერ მოხდება ლიცენზიების გაცემა“, – ამბობს VAR-ის პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ვადაჭკორია.