დავით მესხიშვილი - კუს ტბისა და მთაწმინდის გამყოფ ქედზე კორპუსების აშენების მიზნით მთის დემონტაჟმა შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს
დავით მესხიშვილი - კუს ტბისა და მთაწმინდის გამყოფ ქედზე კორპუსების აშენების მიზნით მთის დემონტაჟმა შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს.

მესხიშვილის განცხადებით, კუს ტბისა და მთაწმინდის გამყოფ ქედზე მაღალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით, მთის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელმაც შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

აქციას ესწრებოდნენ გეოლოგები და სეისმოლოგებიც, რომელთა დასკვნით, აღნიშნულ ქედზე მცოცავი ქანებია.

მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ეროზიული პროცესები წარმოქმნას და მოსახლეობას საფრთხე შეექმნას.

როგორც გეოლოგები აცხადებენ, ხეობას წვიმის დროს მარეგულირებელი, წყალშემკრები და წყალშემაკავებელი ფუნქცია აქვს, მთის დემონტაჟის შემთხვევაში კი წვიმამ შესაძლოა, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მსგავსი კატასტროფა გამოიწვიოს.

აქციის მონაწილეები ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავენ და სპეციალური პეტიციით მიმართავენ ქალაქის მერს, რათა აღნიშნული პროცესი შეაჩეროს.

ამასთან, მესხიშვილის პროტესტს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, კვლევის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის ადგილი მეწყერსაშიშია, გაუგებარია.