დავით მელუა - პრემიერისგან მოვისმინე, რომ თვითმმართველობებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ძალაუფლება ექნებათ, რაც სერიოზული გარღვევა იქნება
დავით მელუა - პრემიერისგან მოვისმინე, რომ თვითმმართველობებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ძალაუფლება ექნებათ, რაც სერიოზული გარღვევა იქნება

პირველი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინე ის იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ძალაუფლება ექნებათ და თუ ასე მოხდა, საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების კუთხით სერიოზულ გარღვევას მივიღებთ, რადგან თვითმმართველობა სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, – ამის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადრე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ასე ფორმულირებულ განცხადებას ვერ ვიხსენებ და ის განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა, მისასალმებელია“, – განაცხადა მელუამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის ფინანსები უმნიშვნელოვანესია, თუმცა გადამწყვეტი არ არის და საკითხს კომპლექსურად, უფლებამოსილებისა და ზოგადად, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის კუთხით უნდა შევხედოთ.

„შემიძლია, მოვიყვანო ბელორუსიის მაგალითი, სადაც საერთო სამთავრობო დანახარჯების 60% ადგილობრივი ბიუჯეტებით გაიხარჯება. თუმცა, მართებული არ იქნება იმაზე საუბარი, რომ ბელორუსში მაღალი დონის თვითმმართველობაა და ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურისგან დამოუკიდებელია“, – განაცხადა მელუამ.

როგორც მელუამ აღნიშნა, მეორე და უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის სახით ახალი რეალობა გვაქვს, რადგან ამ კონსტიტუციაში არის სუბსიდიარობის პრინციპი, რომელსაც ევროპის საბჭო 1998 წლიდან ითხოვდა.

„ასევე, ამ კონსტიტუციაში წერია ფინანსებთან უფლებამოსილებების ადეკვატურობა. ანუ, კონსტიტუციური პრინციპია, თუ თვითმმართველობებს უფლებამოსილებები აქვს, მას ფინანსებიც უნდა მიჰყვეს“, – განაცხადა მელუამ.

მისივე თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ დისკუსია პარლამენტის დონეზე მიმდინარეობს.

„ყველა სხვა შემთხვევაში, დეცენტრალიზაციაზე საუბარი სამთავრობო აპარატში მიმდინარეობდა, რასაც თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდა, მაგრამ დღეს პარლამენტი არის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა და ვიმედოვნებ, ეს დეცენტრალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას უფრო რეალურს გახდის“, – განაცხადა მელუამ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მნიშვნელოვნად გაესვა ხაზი თვითმმართველობებთან კონსულტაციების მნიშვნელობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის როლს, რაც ასევე ახალი და მისთვის სასიამოვნო სიახლე იყო.