დავით მჭედლიძე - მალე კომპანიების საკრედიტო რეიტინგების დადგენა მოხდება, რაც სესხებზე წვდომას გაამარტივებს
დავით მჭედლიძე - მალე კომპანიების საკრედიტო რეიტინგების დადგენა მოხდება, რაც სესხებზე წვდომას გაამარტივებს

მალე ქართული კომპანიების საკრედიტო რეიტინგების დადგენა მოხდება, რაც კომპანიებს სესხებზე წვდომას გაუმარტივებს. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური საკრედიტო ბიუროსთან ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და რეიტინგების მინიჭება სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მჭედლიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე რეფორმა განიხილეს, რომელიც ქართულ კომპანიებში ანგარიშგების თანამედროვე კულტურის დანერგვის გზით მათი გამჭვირვლობის გაზრდას და ამით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი თავმჯდომარის, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, რეფორმამ, რომელიც ორი წელია, ამოქმედდა, უკვე დადებითი შედეგები დადო. თაბუაშვილის მოსაზრებით, კომპანიების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა უცხოელი ინვესტორების ინტერესს გაზრდის, როგორც თავად კომპანიის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის მიმართ.

„რეფორმას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა, ხოლო 2016 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიების რეგულაცია მოხდა. მხედველობაში მაქვს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ. შეიძლება, ითქვას, რომ ამ ორ წელიწადში საკმაოდ მაღალი შედეგი დაიდო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ საკმაოდ წარმატებულად არის აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა პრობლემად რჩებოდა. ინვესტორებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ადგილობრივი კომპანიების შესახებ სანდო და უტყუარი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად იქონიებს გავლენას ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაუმჯობესებაზე იქიდან გამომდინარე, რაც მეტი სანდო და გამჭვირვალე ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი როგორც შიდა, ისე უცხოელი ინვესტორისთვის თუ ყველა დაინტერესებული პირისთვის“,- განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

დავით მჭედლიძის განცხადებით, წელს კომპანიების 90-მა პროცენტმა უკვე წარადგინა სავალდებულო ფინანსური ანგარიშები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რაც ევროპის მაჩვენებელსაც კი აჭარბებს.

„წელს ვისაც ევალებოდა, იმ კომპანიების 90 პროცენტმა წარადგინა ანგარიშგება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 80 პროცენტზე მერყეობს. რეფორმის მთავარი მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა – როგორც პროცედურების გამარტივება, ისე ფასის კლება. ესაა ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომლისკენაც მივდივართ“, – განმარტა დავით მჭედლიძემ.

მისი თქმით, ანგარიშგების პორტალზე კომპანიების მიერ განთავსებული ინფორმაცია სანდოა, იმდენად, რამდენადაც დადასტურებულია აუდიტორების მიერ. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მიზნობრიობის მითითების შემთხვევაში გაიცემა როგორც ინვესტორებზე, ისე ნებისმიერ პირზე. გაზრდილი გამჭვირვალობისა და ანგარიშგების შედეგად, კომპანიები საკრედიტო რეიტინგებს მიიღებენ, რაც სესხებზე წვდომას გაამარტივებს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საკრედიტო ბიუროსთან, რომელიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არის. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი ბაზები. სულ მალე, ალბათ გაისად, კომპანიების საკრედიტო რეიტინგის დადგენა მოხდება, რაც კომპანიებს ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. თუ აქამდე სესხის აღებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა, პირობითად, დღეები დასჭირდება“, – განუცხადა დავით მჭედლიძემ „ბიზნესპარტნიორს“.