დავით მათიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია
დავით მათიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი არალეგიტიმური ორგანოა, შესაბამისად, მათი ნებისმიერი განცხადება არალეგიტიმურია და აცდენილია სამართლებრივი სივრცისგან.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსთან თუ რაიმე აკავშირებს, ეს არის მხოლოდ მშვიდობის მიზნით საქართველოს განვითარება და საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„არაერთგზის გვითქვამს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად აპირებს, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. პირველ რიგში დაიბრუნოს თავისი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეები. ამ განცხადებას რუსული ოკუპაციის გაგრძელებად ვთვლი, რადგან ეს რიტორიკა ამას ეხება. ქართული მხარე არ აპირებს, უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარი თქვას. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა არ მოვახდინოთ კონფლიქტის ესკალაცია და არ დავუშვათ ის სამწუხარო მოვლენები რაიმე სახით განმეორდეს, რომელიც საქართველოში იყო და პროვოკაციაზე აყოლამ გამოიწვია“, – დასძინა მათიკაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“.

დატოვე კომენტარი