დავით მათიკაშვილი - წყალტუბოს, სრულიად იმერეთის რეგიონს ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელოდება
დავით მათიკაშვილი - წყალტუბოს, სრულიად იმერეთის რეგიონს ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელოდება

წყალტუბოს, სრულიად იმერეთის რეგიონს ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელოდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტი კვლავ აღდგება.

„ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელოდება წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მასშტაბით მართლაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო, ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად. ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია, დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თვითოეული ოჯახისთვის. აი ეს, ძალიან მცირე ჩამონათვალი, იმისა, რაც შედეგად მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს“, – წერს დავით მათიკაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.