დავით მათიკაშვილი - წლიდან წლამდე უმჯობესდება საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ჭრილში
დავით მათიკაშვილი - წლიდან წლამდე უმჯობესდება საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ჭრილში

წლიდან წლამდე უმჯობესდება ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ჭრილში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ანგარიში არის პოზიტიური.

„მთლიანობაში ანგარიში არის პოზიტიური. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვიზალიბერალიზაციის ჭრილში. არის კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები ამ ანგარიშშიც მითითებული, რომლებიც არახალია, რადგან ზოგადად რეკომენდაციები წინა ანგარიშებშიც იყო მითითებული და შესრულება ხორციელდება. არის კონკრეტული საკითხები, რაზეც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან ქართული მხარის პოზიცია. ის კანონები, რომლებიც იქნა მიღებული ჩვენ მიერ – გამჭვირვალობასა და ოჯახურ ღირებულებაზე მინიშნებით, ეს არის ის ფუნდამენტური საკანონმდებლო სივრცე, საიდანაც უკან დახევას, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო არ აპირებს. სწორედ ამ ღირებულებებით, ღირსებით, ქართული ტრადიციებით და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის ურყევი გზა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ, ზოგადად, ასეთ საკითხებთან მიმართებით ევროკავშირიც, იქაური კონკრეტული ჩინოვნიკებიც, მეტად გაანალიზებენ არსებულ მოცემულობას, ქართველი ხალხის სწრაფვას, სახელმწიფოს მზაობას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად „ქართული ოცნების“ მხრიდან არის გადადგმული და არ იქნება რაიმე ფორმით ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც, პირველ რიგში, იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის ძალიან დამაზიანებელი. ასეთი გადაწყვეტილები, ვფიქრობთ, არ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ევროკომისიამ „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციასაც შეიცავს.

ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი პუნქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებას ეხება. „თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა“, – ნათქვამია ანგარიშში.