დავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისიას ჰქონდა პოზიცია, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი სასამართლო სისტემის შიგნით მოგვარებულიყო, რათა მისი დამოუკიდებლობა ბოლომდე ყოფილიყო გარანტირებული
დავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისიას ჰქონდა პოზიცია, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი სასამართლო სისტემის შიგნით მოგვარებულიყო, რათა მისი დამოუკიდებლობა ბოლომდე ყოფილიყო გარანტირებული

ვენეციის კომისიას ჰქონდა პოზიცია, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი სასამართლო სისტემის შიგნით მოგვარებულიყო, რათა მისი დამოუკიდებლობა ბოლომდე ყოფილიყო გარანტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„როდესაც პარლამენტში კონსტიტუციის ახალ რედაქციას ვიღებდით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი, ვინ დააკომპლექტებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და როგორი წესით განხორციელდებოდა ეს. ვენეციის კომისიასთან მოგვიხდა სერიოზული სჯა-ბაასი და გადარწმუნება, რომ მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება, ის პრაქტიკა გაეზიარებინა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია და მას ინდივიდუალურად, ყოველგვარი გარე კონტროლის გარეშე დაენიშნა მოსამართლეები“, – განაცხადა მათიკაშვილმა. 

მისი თქმით, ვენეციის კომისიის ერთი შემოთავაზება იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პრეზიდენტს დაენიშნა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ეს ვერსია თავიდანვე უარყვეს, ვინაიდან ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში გადავიდა და სწორედ ამიტომ პროცესში პარლამენტი ჩაერთო.

მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით, რეფორმის მეოთხე ტალღის ჯგუფი კრიტერიუმებზე მუშაობს.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქცევის წესებზე, კრიტერიუმებზე და ეს ქცევის წესები უნდა განვახორციელოთ. ამ კრიტერიუმების პრიზმაში უნდა გაიაროს ყველა იმ კანდიდატმა, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ იქნება შერჩეული. შესაბამისად, იმოქმედებს კანონის ის ნორმა, რომელიც უკვე ჩვენ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს განახორციელებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.