დავით მათიკაშვილი - ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა, რათა ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები, აგენტურული ძალები
დავით მათიკაშვილი - ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა, რათა ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები, აგენტურული ძალები

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს. პოლონეთის პრემიერი ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა, რათა ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები, აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას და მხოლოდ საკუთარი და პატრონების ინტერესით აკეთებენ გასაკეთებელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დონალდ ტუსკის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართველ ხალხზე, ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მონაპოვარზე.

„2010 წელს, როდესაც დიპლომატიური პასპორტები მიანიჭეს სააკაშვილს და მის ბანდას, ქართველი ხალხი იყო ამ პასპორტების გარეშე და ვერ მოძრაობდა ევროპაში ვიზის აღების გარეშე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართველმა ხალხმა ეს ღირებულება მოიპოვა. დღეს კი იმისთვის, რომ ქვეყანაში კვლავ დესტაბილიზაციის კერები შეიქმნას, ტუსკი არ ერიდება და აკეთებს ამგვარ განცხადებას. რეალურად, ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა. ამიტომ, ჯერ ერთი – ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირში მეგობრები გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ იმ მოცემულობის რეალიზებას, რაც ტუსკის სურს; მეორე საკითხი და აშკარა მოცემულობა არის, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე წელი გავიდა, საქართველოს პროქსი ქვეყნად, საზარბაზნე ხორცად გამოყენების საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის მაშინ, თუკი სააკაშვილის სახით ხელისუფლებაში კრიმინალური ბანდა დაბრუნდება. ის განცხადება, რომელიც, სამწუხაროდ, ტუსკმა გააკეთა, მეტს არაფერს ემსახურება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.