დავით მათიკაშვილი - თემურ ალასანია ახმოვანებს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ იდეოლოგიას, რომლის გამოც პარტია 2012 წლიდან მარცხდება, არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიის ქვემეხების გრუხუნით დაბრუნებას
დავით მათიკაშვილი - თემურ ალასანია ახმოვანებს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ იდეოლოგიას, რომლის გამოც პარტია 2012 წლიდან მარცხდება, არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიის ქვემეხების გრუხუნით დაბრუნებას

თემურ ალასანია ახმოვანებს მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთებას და იდეოლოგიას. ეს არის ის იდეოლოგია, რომლის გამოც 2012 წლიდან დღემდე მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ის განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

დავით მათიკაშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ტერიტორიების დაბრუნებას.

„ალასანიასთვის წარმოუდგენელია ის, რაც ევრორეკომენდაციების პირველ პუნქტად ეწერა – დეპოლარიზაცია. შევახსენებ საზოგადოებას, ალასანია არის ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა კონკრეტულად სააკაშვილზე და ე.ი. ძალიან დიდი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს ნიშნავს, რომ საკითხი, რომელიც ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის იყო ესოდენ მნიშვნელოვანი, რომლითაც იწყებოდა 12-პუნქტიანი რეკომენდაციაც, წარმოუდგენლად მისაღწევია ალასანია-სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში. როდესაც ისინი წარმოადგენენ ოპოზიციას, მით უმეტეს, ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიას, სადაც მიაჩნიათ, რომ დახლეჩილობა, დაპირისპირება, ჩხუბი, უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ინიციატივით ხდებოდა,  ყოფილა პლურალიზმი, დემოკრატია, თურმე ამის გარეშე საზოგადოება ვერ ვითარდება. ეს კარგად აჩვენებს არამარტო ალასანიას სახეს, ალასანია აქ არის სპიკერი და ახმოვანებს მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთებას და იდეოლოგიას. ეს არის ის იდეოლოგია, რომლის გამოც 2012 წლიდან დღემდე მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს პარტია ბუნებაში იარსებებს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და მის დაბრუნებას, ეს ის ადამიანები არიან, ევროსტრუქტურებში რეზოლუციას რომ მოაწერეს ხელი და საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. მათთვის ტერიტორიები არის ქვების გროვა, როგორც ეს ერთხელ სააკაშვილმა განაცხადა, როდესაც 100-ზე მეტ დაკარგულ სოფელზე საუბრობდა. ეს ის ხალხია, რომლებმაც ოკუპანტებს გადასცეს ეს ტერიტორიები. ასე რომ, დღეს მკერდზე რომ მჯიღს ირტყამენ და იარაღის ჟღარუნით უნდათ, კიდევ რაღაც შედეგამდე გავიდნენ, ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან იარაღით ხელში არ ვაპირებთ მისვლას, არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიის იარაღის და ქვემეხების გრუხუნით დაბრუნებას. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და იმ მშვიდობიანი პოლიტიკის ხარჯზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, განსხვავებით იმ პოლიტიკისგან, რაც იყო 2012 წელს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.