დავით მათიკაშვილი - სიღარიბის დაძლევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად სამართლიანი წესების დადგენაა საჭირო 
დავით მათიკაშვილი - სიღარიბის დაძლევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად სამართლიანი წესების დადგენაა საჭირო 

ჭარბვალიანობას თავისი პოლიტიკური მდგენელი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, 2007 წელს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ზედა ზღვარი მოეხსნა და ბანკებს, უფრო მეტად კი, კერძო სექტორს საშუალება მიეცათ, მსესხებლებისგან განუსაზღვრელი თანხები მოეთხოვათ, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ბინიდან გამოსახლებაც კი, მხოლოდ შს მინისტრის გადაწყვეტილებით ხდებოდა და ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში სასამართლო საერთოდ არ ერეოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ბინიდან გამოსახლების პრობლემა ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მყისიერად მოწესრიგდა, როცა ეს წესი გაუქმდა და გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

„პირველ რიგში, ჩვენ ამ პრობლემის დადგომის მიზეზი უნდა შეგვესწავლა, თუ რა იწვევს თანამოქალაქეებისთვის ასეთ სავალალო შედეგს და შესაბამისი ნაბიჯები იქ უნდა გადაგვედგა. ეს მიზეზი ჭარბვალიანობაა. მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესი უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მამუკა ბახტაძის მიერ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წამოყენებული ინიციატივა ნამდვილად კარგია და ამან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის მყისიერი მხარდაჭერა ჰპოვა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად უნდა შეიქმნას ქცევის წესი, რათა სიღარიბე იქნას დაძლეული, რაც ახალი მთავრობის პროგრამის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

„სიღარიბის დაძლევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის რომ აქტიური ნაბიჯები გადავდგათ, სამართლიანი წესების დადგენაა საჭირო როგორც საბანკო სექტორში, ისე კერძო სექტორში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მართალია, არსებობს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპები, მაგრამ ეს უსამართლობაში და კაბალურ პირობებში არ უნდა ავურიოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.