დავით მათიკაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანია, სად გაკეთდება ვრცელი რეპორტაჟები და ვინ გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესებისთვის
დავით მათიკაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანია, სად გაკეთდება ვრცელი რეპორტაჟები და ვინ გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესებისთვის

საინტერესოა, რა რეზონანსი მოჰყვება ხოლმე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განცხადებებს, რომელიც პერიოდულად კეთდება რუსეთში და რომელიღაც ძალა, ტელევიზია ახდენს პროვოცირებას, რომელი პოლიტიკური ძალა აიტაცებს ყიჟინით და შემდგომ უკვე თავის პოლიტიკურ წიაღსვლებს ააწყობს სწორედ რუსეთიდან წამოღებულ სამაშველო რგოლზე, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ალტ ინფოს“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სად გაკეთდება ვრცელი რეპორტაჟები და ვინ გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესებისთვის.

„დღევანდელ ეთერებს რომ დავუკვირდეთ, რომელიც იქნება პროპაგანდისტულ, რუპორ ტელევიზიებში, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს რომ დავუკვირდეთ, ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, რომ სწორედ ის პლატფორმა, რომელიც რუსეთიდან არის შემოთავაზებული ამ განცხადების სახით, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან და დიახ, სწორედაც რომ მსგავსია მაშველი რგოლისა, რომელიც არაერთხელ გვინახავს ჩვენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან ოპოზიციისთვის ნასროლი და მათ მიერ ძალიან წარმატებით გამოყენებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალებაა, რითიც სინამდვილეში საკუთარ აგენტურას, მდარე და ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს მალავენ.

„თუ გვინდა, გავარკვიოთ, ვის რა ინტერესი აქვს, პირველ რიგში, მიზანი უნდა ვნახოთ. მიზანი არის ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობა, ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალება და ა.შ. სინამდვილეში ამით საკუთარ აგენტურას, მდარე და ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს მალავენ. ჩანს, თუ ვის წისქვილზე ასხამს ეს ყველაფერი წყალს. რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ამოსუნთქვა, წყარო იმისა, რომ ხელისუფლებას დასდონ რაიმეში ბრალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ, პირველ რიგში, ეს მაშველი რგოლი სწორედ ოპოზიციისთვის არის განკუთვნილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.