დავით მათიკაშვილი – საზოგადოება პასუხს გასცემს ყველას, ვინც გაბედავს და მშვიდობიანი პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმას ნაბიჯს, სააკაშვილი ასოცირებული იყო ძალადობრივ მოცემულობასთან და დღესაც ასე საუბრობს
არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაა. სააკაშვილისთვის ნდობის აღდგენა, შემორიგება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც გაბედავს და ნაბიჯს გადადგამს მშვიდობიანი პოლიტიკის წინააღმდეგ.
„სააკაშვილს სისხლი სწყურია, ყოველთვის ასე იყო. სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პირდაპირ ძალადობრივ მოცემულობასთან იყო ასოცირებული და დღეს, როდესაც სასჯელს იხდის, იქიდანაც ანალოგიურად საუბრობს. მისთვის ნდობის აღდგენა, შემორიგება და, ამ მნიშვნელოვან ხაზზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. მიუღებელია იმიტომ, რომ კონკრეტული დავალება აქვს მიღებული. ძალიან ანერვიულებთ და ძალიან ღიზიანდებიან დავალების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რადიკალები ქვეყნის შიგნით, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენასთან მიმართებით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
რადიკალები ამ ყველაფრის პრევენციას ცდილობენ. მათ უნდათ, აუცილებლად სისხლისღვრა იყოს და ჩვენმა ხალხმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარი თქვას, ამას ვერ ეღირსებიან. არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაა. ყველას, ვინც კი გაბედავს და ნაბიჯს გადადგამს მშვიდობიანი პოლიტიკის წინააღმდეგ, საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.