დავით მათიკაშვილი - სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა დაადასტურა, ეს საზოგადოებისთვის ისედაც კარგად იყო ცნობილი
დავით მათიკაშვილი - სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა დაადასტურა, ეს საზოგადოებისთვის ისედაც კარგად იყო ცნობილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და დღეს სასამართლომ ეს დაადასტურა.

როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დღეს ხელისუფლება სასამართლოს საქმეში არ ერევა.

„დღეს მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. დღეს სასამართლომ დაუდასტურა ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა. ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს მართლმსაჯულების საქმეში და სწორედ, ამ შეთანხმების დაცვა ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან არც აქამდე, არც დღეს და არც ამის შემდეგ, პოლიტიკა არ ერეოდა და არ ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში, ხოლო ის, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, უბრალოდ ამის სასამართლო წესით დადასტურება მოხდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.  სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გაამართლა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.