დავით მათიკაშვილი - რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს
დავით მათიკაშვილი - რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თავის პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქართული მხარის მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული შესაბამისი პოლიციური ბლოკპოსტის არსებობის თაობაზე და ქართული მხარე გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

„ამავდროულად, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ვიმუშავებთ და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რომ რაიმე სახის ესკალაცია არ მოხდეს. ბლოკპოსტის არსებობა უსაფრთხოების ზომებს ეხება და ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ადგილზე განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება და ის ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.  ამასთან, როგორც ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა.