დავით მათიკაშვილი – საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს ეგიდით სადმე ნავთობი გავიდეს? ცრუ ფაქტების ხუხულაა
ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ საქართველო ვინმეს ხელს უწყობს, სანქციების გვერდი აუაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყულევის ნავთობის ტერმინალი დასასანქცირებელი სიიდან იმიტომ ამოიღეს, რომ საქნციეიბის გვერდის ავლასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს.
„ევროკომისიის პრესსპიკერს მოუსმინეთ? აღქმებზე დაფუძნებული განცხადება ჰქონდა. თქვა, ფაქტები არ ვიცი, კონკრეტულს ვერ გეტყვით, მაგრამ საკითხი ასე წარმომიდგენიაო. თურმე საქართველოში ნავთობი შემოდის და შემდეგ რეექსპორტით გადის. საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს ეგიდით სადმე ნავთობი გავიდეს? ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ტყუილებს ავრცელებენ. ცრუ ფაქტების ხუხულაა. ყულევის დასანქცირებაზე ვინ იტყოდა უარს, ერთი ფაქტი მაინც ხელში რომ ჰქონოდათ? ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ საქართველო ვინმეს ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლაში. დასასანქცირებელი სიიდან ყულევის პორტის ამოღება იმის გამო მოხდა, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს. საქართველომ ვალდებულებები ახლა კი არა, 2022 წელს აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ, ჩვენ ვალდებულება ნებაყოფლობით ვიტვირთეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რასაც ზედმიწევნით ვასრულებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.