დავით მათიკაშვილი - საქართველო ინდივიდუალურად არ აწესებს რუსეთის მიმართ სანქციებს, თუმცა ქვეყანა არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად
დავით მათიკაშვილი - საქართველო ინდივიდუალურად არ აწესებს რუსეთის მიმართ სანქციებს, თუმცა ქვეყანა არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ საქართველო ყოფილიყოს გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ იერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპელ კოლეგებთან დიალოგი და მათი ხედვის გაცნობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების ვიზიტი საქართველოში, მათთან დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ არაერთგზის ვთქვით ქართული მხარის გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველო ინდივიდუალურად არ აწესებს რუსეთის მიმართ სანქციებს, თუმცა საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული იმ საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად, რომელიც რეალურად არსებობს.

სანქციების დაწესებიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ საქართველო ყოფილიყოს გამოყენებული ამ მიზნით. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, ხედვის გაცნობა, თუ რა ხედვა აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგისა და ურთიერთობის ჭრილში კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აქვს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.